15 აპრილიდან „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“ დებულების ახალი რედაქცია ამოქმედდა

ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება. აღნიშნული რეგულაციით სესხის გამცემ ორგანიზაციას ევალება შეაფასოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა და არ გასცეს ფიზიკურ პირზე იმაზე მეტი თანხის სესხი ან დააკისროს სხვა ვალდებულება, ვიდრე ფიზიკურ პირს გადახდის რეალური შესაძლებლობა აქვს.

დებულების ახალი, 15 აპრილიდან მოქმედი რედაქციით ეროვნულმა ბანკმა გადახდისუნარიანი მსესხებლებისათვის დაკრედიტების წესი გარკვეულწილად შეარბილა. უფრო მეტი მოქნილობა მიეცათ ფინანსურ ინსტიტუტებს, თავად მოახდინონ მომხმარებელთა შემოსავლების შესწავლა განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც მსესხებელს არ აქვს შემოსავალი, რომელიც დეკლარირებულია შემოსავლების სამსახურში ან ბანკში. აღარ არსებობს თვითდასაქმებულთან ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენლის მისვლის ვალდებულება. ფინანსურმა ორგანიზაციამ თავად უნდა გამოძებნოს მექანიზმები, რომ შეაფასოს თვითდასაქმებულის შემოსავლები.